პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს არც ერთი წევრი არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად მიკერძოებული. ყველა მათგანს, უმრავლესობას აქვს წარმატებული მსახურების გამოცდილება სხვადასხვა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ნაციონალური ტელევიზიების თოქშოების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრების სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით.
„გეთანხმებით, რომ პოლიტსაბჭოს წევრების საკმაოდ დიდი ნაწილი წარმოადგენს საჯარო მოხელეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ემსახურებოდნენ სახელმწიფოს. მათი შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი იყო კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ვერანაირ პოლიტიკურ მიკერძოებულებას ვერც ერთ მათგანში ვერ ნახავენ. როდესაც პოლიტსაბჭო წარმოვადგინეთ, ეს საჯაროა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, წევრების ბიოგრაფიის სრულად შესწავლა, ეს არ იყო გაუაზრებელი და შემთხვევითი ნაბიჯი. ამის უკან არის ძალზე სერიოზული დასაბუთება და ფილოსოფია. თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვექნება სრულად აპოლიტიკური, პოლიტიკისგან ცარიელი საჯარო სექტორი და საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, ჩვენ უბრალოდ ქვეყანაში ვერაფერს გავაკეთებთ. უბრალოდ, ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ წინ“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თუ ქვეყანა უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სერიოზულ ინვესტირებას საჯარო მოხელის კომპეტენციაში, ამასთან, თუ არ შექმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა საჯარო მოხელე იყოს დაცული პოლიტიკური ანგაჟირებისგან ან პოლიტიკური ზეწოლისგან, სახელმწიფო ვერ აშენდება.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, საპარლამენტო დემოკრატია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, პირდაპირ ნიშნავს და მიანიშნებს კოალიციურ მმართველობაზე. კოალიციურ მმართველობას სჭირდება თავისი პოლიტიკური კულტურა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს და ამას აშკარად მიანიშნებს ის დებატები და დებატების ესთეტიკა, რომელსაც ჩვენი პარტიები ერთმანეთთან მართავენ. მეტსაც გეტყვით, სანამ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება, რომ აშენებულიყო საჯარო მმართველობის სკოლა. ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო უკრაინაში. უკრაინაში რაღაც შეფერხება მოხდა, ბევრი ვიშრომეთ, რომ დაგვეთანხმებინა ევროკავშირი, წამოგვეღო ეს ყველაფერი საქართველოში, ადგილიც ვნახეთ, ეს შეიძლებოდა, გაკეთებულიყო თელავის უნივერსიტეტში თბილისთან ახლოს.
მართლა მჯერა, რომ თუ სახელმწიფო და ქვეყანა უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სერიოზულ ინვესტირებას საჯარო მოხელის კომპეტენციაში, თუ არ შექმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა საჯარო მოხელე იყოს დაცული პოლიტიკური ანგაჟირებისგან ან პოლიტიკური ზეწოლისგან, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამაზე დაგვჭირდება ძალიან ბევრი დრო. იმიტომ, რომ პოლიტიკოსები, სრულად პროპორციულ საპარლამენტო რესპუბლიკაში კოალიციაზე ხან შეთანხმდებიან, ხან ვერა. თუ საჯარო სექტორი იქნება მაღალი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, რა თქმა უნდა, აქ ვერანაირ რეფორმას ვერ გავატარებთ, რასაც დავიწყებთ, შუაში რომ მივალთ, დაგვავიწყდება, რის გამო დავიწყეთ ამ რეფორმის გატარება. სწორედ ამით არის განპირობებული, რატომ არის პოლიტსაბჭოში ამდენი საჯარო მოხელე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრებმა დეტალურად იციან ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს საჯარო სექტორი.
„არც ერთი მათგანი არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად მიკერძოებული. ყველა მათგანს, უმრავლესობას აქვს წარმატებული მსახურების გამოცდილება სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ვთვლი, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი, რითიც უნდა განისაზღვრებოდეს დღეს საჯარო მოხელის მნიშვნელობა ჩვენს საზოგადოებაში. უნდა ვხედავდეთ, რომ ყველაფერთან ერთად, ისინი არიან ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და წინსვლა. ამაში ვარ დარწმუნებული და აგიხსნით, რატომ. მახსოვს ჩემი ახალგაზრდობა და შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ მოქმედი ბევრი პოლიტიკოსი დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკაში უნდა გავხსნათ კარი ახალგაზრდებისთვის.
ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები ყოველთვის ამჯობინებდნენ ან კერძო სექტორში ბიზნესის სფეროში, ან სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობას, რატომ. მე მათთან მქონდა საუბარი. ამას აქვს მარტივი და ლოგიკური ახსნა. უაღრესად დისკრედიტებული პოლიტიკური პარტიების სისტემა და ეს დისკრედიტაცია მოდის იმ ძველი 90-იანებიდან. შესაბამისად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, შეიძლება ვცდები, ჩემი აზრია, რომ პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა გაიხსნას. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლებით ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე რაღაც ინიციატივების დაწყება. ისინი დღეს ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას. ეს გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური პარტიების ველზეც და ამისთვის ვფიქრობ, ჩვენი პარტიაც გარკვეულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭო 29 მაისს წარადგინა.