უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში, ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეთხილეობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო ეპიდემიოლოგიურად რთული და ბევრი შეზღუდვები იყო, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.
„არის რაღაცები, რაზეც მოგვიწევს შეთანხმება და ფიქრი, მაგალითად, ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა დაერქვას ამ ღონისძიებას. აგერ, ბატონმა ბრძანა, რომ „თხილობაო“, ზოგმა თქვა, რომ „თხირიშ კოროფუა“ უნდა დავარქვათო და ამიტომ ახლა შეიძლება „თხილობა“ დავარქვათ, მაგრამ „კოროფუა“ იქნება ეს ყოველთვის აქ, ზუგდიდში, ამიტომ მთავარია, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართველი ფერმერი, მეთხილეობა არის ამ კუთხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ საქართველოს ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი იყო რთული, მე ვამბობ, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად, ბევრი შეზღუდვები გვქონდა, ეკონომიკურადაც კრიზისი იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ამიტომ, როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს და მე მინდა, ჩამოვთვალო, ატმის მოსავალი კახეთში, ატმით დავიწყეთ და ატმის მოსავლის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილი არის დაახლოებით ორჯერ, დაახლოებით 20 000 ტონა ექსპორტი მოხდა, შარშან იყო დაახლოებით 10 000-ზე ცოტა მეტი. ახლა მივდივართ – ვაშლი შიდა ქართლში, ქართლში უახლოეს პერიოდში დაწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 000 ტონას ვუყურებთ დაახლოებით, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ახლა ვართ სამეგრელოში და თხილის აღება უკვე დაწყებულია, რასაც ეძღვნება ეს ჩვენი ღონისძიება და მოგეხსენებათ, საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 000 ტონა. 50 000 ტონა ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, აშკარა პროგრესია და ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს არ არის კატასტროფულად დიდი ციფრი იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაროსანასთან ბრძოლა ქვეყანაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს აღიარებულია საერთოდ, რადგან არიან ქვეყნები, ბევრად უფრო განვითარებულები, რომლებიც ათწლეულობით ებრძვიან ფაროსანას და ჯერ ბოლომდე ვერ გაუმკლავდნენ. საქართველოში დაგვჭირდა სამი-ოთხი წელი. რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე ეს დამარცხებული არ არის, მაგრამ ამას რომ დაემატა გლეხში, ფერმერში უფრო მეტი ცოდნა, მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, დღეს ბიჭებთან ერთად ვსაუბრობდი, თხილში რომ შეხვიდოდი, ცა არ ჩანდა საერთოდ, სიბნელე იყო, დაჩრდილული ყველაფერი, ახლა თხილის ბაღებში რომ შედიხარ, გიხარია. ცოდნა, ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოსა და ფერმერის, კოოპერატივებისა და ასოციაციის და გვექნება შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ორგანიზებულობისთვის მადლობა გადაუხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, ხაზი გაუსვა კოოპერირებას და აღნიშნა, რომ საქართველოს მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გააორმაგოს.
„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი და ეფექტური მუშაობით, თხილის ექსპორტი გავაორმაგოთ. ჩვენს ქვეყანაში, 100 000 ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად, ჰექტრიდან მოსავალი უნდა გავზარდოთ. ამისთვის გვჭირდება ცოდნა, ტექნოლოგიები. მინდა, მადლობა გადავუხადო ასოციაციას, პირველ რიგში, ამ ღონისძიების მოწყობისთვის. მე როგორც ვიცი, დღეს ასოციაციას 25 000 წევრი ჰყავს და მინდა, გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ისეთი ორგანიზებული ასოციაცია, როგორიც არის მეთხილეობაში, საქართველოში არ არის. მეთხილეობაში ეს კოოპერირებაც და ასოციაციის მუშაობაც იყო ძალიან ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია.
„საბოლოო ჯამში, აქ, ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო, ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და ფერმერმა, თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ ისე, როგორც შრომობდით თხილის სექტორში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ, სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ძალიან კარგად გახდა ნათელი, ამ პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარული, პირველადი მოთხოვნის პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში სისტემურად გახდა პრობლემა. დღეს, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და ეს ფაქტია. ამიტომ აქ თხილი თავის სერიოზულ ნიშას დაიკავებს და რაც მთავარია, მინდა, გისურვოთ მშვიდობა და ეფექტიანი, ყოველდღიური შრომის შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, რწმენა. არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდეგ სიამაყის გრძნობაა, არ არის. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს, რიგით ფერმერებს ვეუბნებოდი, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ, რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო. დღეს, თხილის დარგში შედეგი სახეზეა. თითოეულ ფერმერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს კულტურა მოჰყავს, შეუძლია, ამით იამაყოს. წარმატებას, გამარჯვებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში თხილის ექსპორტი საქართველოდან გაგვეორმაგებინოს. ჩვენ, ყველას ეს შეგვიძლია. ახლა, სიტყვა მინდა, გადავცე ლევან დავითაშვილს, რომელიც ის ადამიანია, რომელმაც 2016-2017 წლიდან ფაროსანასთან დაკავშირებით დავალება მიიღო და უაღრესად ეფექტურად, რამდენიმე წელი იმუშავა და დღეს ჩვენ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ასოციაციასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ეს შესაწამლი, დასამუშავებელი აპარატები, რა ენერგია, მუშაობა დაგვიჯდა, რომ მაქსიმალურად, თითოეული ფერმერის ოჯახში მიგვეტანა. ეს ლევანის დამსახურებაა“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ. სტუმრებმა დადიანების სასახლის ეზოში „თხილის ფესტივალის“ ფარგლებში ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერეს.