მოგესალმებით, მარნეულელებო, პირველი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა. ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ ყოველდღიური შრომა ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გასაძლიერებლად. ეს ჩვენ, ყველას გვაერთიანებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას მარნეულში, სადაც მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
მისივე თქმით, სახელმწიფო, დაპირებისამებრ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას და ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომელიც მოქალაქეებს მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამებზე წვდომას უმარტივებს.
„ახლა საქმეზე რომ გადავიდეთ და მომავალზე ვილაპარაკოთ, არ ვისაუბროთ გუშინდელ დღეზე. მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მარტივ ციფრებს მოგიყვანთ – 2013 წელს საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტი ექსპორტირებული იყო 511 მლნ დოლარის ღირებულების, 2019 წელს 900 მლნ დოლარის, სხვაობა თითქმის ორჯერ მეტია, ეს ამ კუთხის შვილების დამსახურებაც არის. ახლა რომ გადავიდეთ საქმეზე და რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, მომავალზე რომ ვიზრუნოთ. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო, როგორც დაპირდა თითოეულ მოქალაქეს, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას გააგრძელებს. ბევრი პროგრამაა სოფლის მეურნეობის, რომელიც აძლევს გლეხს შესაძლებლობას გახდეს ფერმერი, თან ძლიერი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეული თბილისთან ახლოს არის, ბევრი ქალაქია სოფლის მეურნეობის, რომელიც თბილისიდან შორს არის და გლეხს, ფერმერს უწევდა ჩასულიყო თბილისში, მიეღო იქ რაღაც პროგრამებში მონაწილეობა, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში, მესამეში, დღეს ყველაფერი ეს იქნება მარნეულში. იუსტიციის სახლში მიხვალთ, ყველა სახელმწიფო პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს – ყველაფერი გაქვთ ადგილზე. იუსტიციის სახლში ყველა ადამიანი მოგემსახურებათ ისე, რომ თავიდან ბოლომდე, მთელ პროცესს გაივლით, თუნდაც კონტრაქტის ხელმოწერამდე, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, დაიწყოს ბიზნესი, გარისკოს, ამაში სახელმწიფო მიეხმაროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მომსახურება, სახელმწიფო სერვისები თბილისში არ რჩება, მიდის თითოეულ ქალაქში, ჩვენს ყველა მოქალაქესთან, ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქმე დაიწყონ და თავის თავზე, თავის ოჯახზე, რეგიონსა და ქვეყანაზე იზრუნონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს დაიწყო გუშინ და გაგრძელდება მუდმივად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მარნეული არის ძლიერი რეგიონი, თუმცა ინფრასტრუქტურულად ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა გრძელდება.
„ახლა რაც შეეხება მარნეულს კონკრეტულად – მარნეული არის ძლიერი რეგიონი, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ბევრი რამე არის გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ვნახეთ მაგალითად წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა. ეს არის სიტემა, რომელზე მუშაობაც დაიწყო და რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მილიონი ლარი. მარნეულს და გარშემო სოფლებს სამუდამოდ ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა, ისევე, როგორც ბოლნისს. ეს ყველაფერი ერთდროულად იქნება აქ. სკოლების რემონტი – მარნეულში დღეს 8 სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, შენდება სამი ახალი სკოლა. რა თქმა უნდა, სარწყავი წყალი მთელ ქვეყანაში არის პრობლემა და აქ, მარნეულშიც ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ და შევთანხმდეთ – ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს საკმარისია, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელი დღე უნდა გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე დღევანდელი დღე. ეს არის ის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყანაში სამართლიანი პირობები ყველასთვის, იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდას, ვისაც აქვს კარგი განათლება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ განათლების სიტემის რეფორმირებაზეც, რაც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, იმისთვის, რომ მათ შეეძლოთ მიიღონ განათლება საქართველოში და შემდგომ სახელმწიფო სტრუქტურებში, მათი კარიერის გზა ხსნილი იყოს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.