გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, მედიასაზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიასაზოგადოების, ჟურნალისტების, ტელეკომპანია „პირველის“ წინაშე. ის, რაც 5 ივლისს მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. აქ ძირითად მიზეზს ვხედავ, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ჩამოშლილია.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ძალადობა ხდება, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან წამხალისებელი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მის მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს. სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც საუბრობენ გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინო. როგორც ისინი ამბობენ, თუ სახელმწიფომ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა, ეს მხოლოდ ამძიმებს და არ ამსუბუქებს მათ მდგომარეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.