გიორგი გახარია - საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ცესკო-სთან მუშაობა მიმდინარეობს
საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია, არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკო-თან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობას შეეხებოდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თვითიზოლაციაში დღეს ქვეყანაში არ არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, თუმცა გარკვეული რაოდენობა არის და ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
„რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფი ადამიანებს, აქ არაფერი არ იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩვენების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაც იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს. თვითიზოლაციის ნაწილში ეს ის საკითხია, რომელზეც ვმუშაობთ ცესკო-სთან ერთად და აქ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება. საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკო-თან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.