გიორგი გახარია - საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კლუბებში დისკომფორტი შევუქმენით 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კლუბებში დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს შეექმნა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებული არის კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს.
„როგორც შედეგი – ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ქმედებების ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ კლუბებში. ასევე გეტყვით, რომ განჩინება ჩვენ არ გვქონდა მარტო 2-ზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება. რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხევაში, უკონტროლობის თუ ა.შ. და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამას არ აქვს არანაირი გამართლება.
სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ. ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან პირველ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, სარგებელი უნდა ყოფილიყო და უდაოდ არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.