გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს
გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს

საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

თუმცა, პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მაგრამ ეს შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდგომ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს. მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომე მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.