გიორგი გახარია - საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ასეთ პირობებში, ხელისუფლებას მეტი ვალდებულება გვაქვს, შეზღუდული რესურსი გამოვიყენოთ უკიდურესად ფრთხილად, სამართლიანად
საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ ნელ-ნელა, ასეთ პირობებში, ხელისუფლებას მეტი ვალდებულება გვაქვს, შეზღუდული რესურსი გამოვიყენოთ უკიდურესად ფრთხილად, სამართლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, არსებული კრიზისის, პანდემიის ყველაზე დიდი პრობლემა და მახასიათებელი ნიშანი არის გაურკვევლობის უმაღლესი ხარისხი.
„საქართველო კი არა, უძლიერესი სისტემური სახელმწიფოები კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს – ხან იქნება ვაქცინა ერთ თვეში, ხან იქნება ერთ წელიწადში, ხან იქნება მეორე ტალღა, ხან არ იქნება მეორე ტალღა, ხან ვირუსი სუსტდება, ხან ვირუსი ძლიერდება. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ეფექტურად და სწორად ვმართოთ გაურკვევლობის ამ ძალიან მაღალ ხარისხში, ეს არის გამოწვევა.
ყველა ხომ ვხვდებით, რომ ჩვენი სოციალური ცხოვრებაც იზრდება, ჩვენი ცხოვრების დიგიტალიზაციის ხარისხი იზრდება, დისტანციური შრომა უკვე ხდება ყოველდღიურობა, საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ ნელ-ნელა. ამიტომ, ასეთ პირობებში, ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, ის შეზღუდული რესურსი, რომელიც გვაქვს, გამოვიყენოთ, დავხარჯოთ უკიდურესად ფრთხილად, უკიდურესად სამართლიანად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.