გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა სხდომაზე გასულ კვირაში თბილისში ჩატარებულ დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან წარმატებულად ჩატარდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც იყო დეტალურად განხილული და მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან იყო ადამიანი და სწორედ 2013 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის თვალსაზრისით, თითოეული რეფორმის გატარების დროს, ადამიანის უფლებების სტრატეგია სრულად გახლდათ გათვალისწინებული. ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე, ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც ასევე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, და რომლის შექმნის პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას – როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს საერთო მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატია. პრემიერმა მოუწოდა მთავრობის წევრებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.