გიორგი გახარია - საბედნიეროდ, ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა მშვიდობით დასრულდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, წლის შეჯამებისას ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა.
გახარიას თქმით, დღემდე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სწორედ ოკუპაცია რჩება.
გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რა სახის წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.
გიორგი გახარიამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა მშვიდობით დასრულდა.
„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20 პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება. ეს ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.