გიორგი გახარია - საბანკო სექტორი უზრუნველყოფს ყველა კომპანიის სესხების რესტრუქტურიზაციას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება
საბანკო სექტორი იმ კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენს, რომელთაც ამის ობიექტური საჭიროება ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა.
პრემიერის თქმით, კორონავირუსის ზემოქმედება გლობალურად ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული და დიდი იქნება. პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო – ტურიზმს.
„ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი, რათა შეძლონ შემდგომ როგორც მიღწევების შენარჩუნება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მომსახურება იმ ფინანსური ვალდებულებებისა, რომელიც გააჩნიათ. მარტივად, რომ ვთქვათ, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს.
ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს გარანტირებულად მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული საშუალებით მხოლოდ ტურიზმის სექტორში დარჩება დაახლოებით 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი.
„გარდა ამისა, ჩვენ გუშინ საბანკო სექტორთან და ყველაზე მსხვილ ბანკებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში გათავისუფლებული იქნებიან სასესხო მომსახურეობის ვალდებულებისგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება როგორც ფინანსური, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით.