გიორგი გახარია - რუხის საავადმყოფოში უახლოეს დღეებში ამოქმედდება ასამდე ადგილი, რომელიც შეძლებს, პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს
უახლოეს დღეებში ამოქმედდება რუხის საავადმყოფო, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ ჩვენ მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუხში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საავადმყოფოში არის ასამდე ადგილი, ასევე იქნება საკარანტინო ადგილებიც.
„მოგეხსენებათ, რომ ეს საავადმყოფო აშენდა, როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. თუმცა, დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები გვაქვს, გამოწვევები გვაქვს სერიოზული და ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედდება. უახლოეს დღეებში ამოქმედდება ასამდე ადგილი, რომელიც შეძლებს, პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, ფუნქციური შესაძლებლობა იქნება საკარანტინო ზონების, რისი აუცილებლობაც არსებობს. ახლა ჩვენთვის მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. მოვუწოდებ ამ რეგიონის მკვიდრ მედიკოსებს, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ. ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს სასწრაფო ფუნქციონირებას აქვს სხვა დატვირთვა, ძალიან სერიოზული მნიშვნელობა. ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან და ჩვენ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს, რა თქმა უნდა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინო ზონა, მიიღებს საკარანტინო ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ძირითადი ფუნქცია, ძირითადი მისია ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედებისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.