გიორგი გახარია - რთულია, მსგავსი გლობალური გამოწვევის პირობებში ექვსი თვე გაიარო ისე, როგორც გავიარეთ, იყო და გრძელდება 24-საათიანი მუშაობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებას ყურადღება არ მოუდუნებია და ამაზე მიუთითებს თუნდაც ის შეხვედრა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჰოსპიტალურ სექტორთან გაიმართა.
აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მოდუნდა თუ არა ხელისუფლება, ასევე ექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციების კონტროლი არ ხდებოდა“.
„ექსპერტები ბევრ რამეს ამბობენ. თავიდან ამბობდნენ, რომ ერთჯერად ტესტებზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი, რაც არ აღმოჩნდა მართალი. საერთოდ, ექსპერტები ბევრი სხვადასხვანაირი გვყავს. არავინ მოდუნებულა. ის, რომ დღეს ეს ჯგუფიც მომენტალურად შეიკრიბა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, აჩვენებს, რომ არავინ მოდუნებულა. პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ საბოლოოდ ეკონომიკა რომ არ გადაგვეკეტა“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განმარტებით, შეზღუდვების პირობებში, მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღესაც, ჩვენ ხომ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, ჩვენ ხომ ხალხის შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ ამას, დღესაც მარტივად გეტყვით, რომ ვხვდებით, მსგავსი შეზღუდვების პირობებში, მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. ასე გიპასუხებდით ამაზე. აქ არ არის საუბარი ვინმეს მოდუნებაზე, არც მთავრობის, არც მოქალაქის. საერთოდ, რთულია, მსგავსი გლობალური გამოწვევის პირობებში ექვსი თვე გაიარო ისე, როგორც გავიარეთ ჩვენ, ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენმა კლინიკურმა ჯგუფმა, ეპიდემიოლოგებმა და საბჭომ. ეს იყო 24 საათიანი მუშაობა და ეს გრძელდება. ამიტომ აქ მოდუნებაზე კი არის საუბარი, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივეცით მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.