გიორგი გახარია - როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანი იყო გარკვეული ცირკის მოწყობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწიეს
როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანი იყო გარკვეული ცირკის მოწყობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაზე საწყენი ფაქტი, რამაც შემაშინა, საპარლამენტო დემოკრატიისა და მისი შინაარსობრივი ნაწილის, საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია ხდება. როცა აბსოლუტურად დაგეგმილად, ერთად, ადამიანები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ თემებს, როგორიც არის პანკისის ხეობა, დავით გარეჯი, საქართველოს ცალკეული მოქალაქის პირადი ტრაგედია, რათა ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში, ეს სამარცხვინოა. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა თითოეულ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეს, ვინც დგას საოკუპაციო ხაზთან და იცავს საქართველოს ინტერესებს, მოვუწოდო, რომ სულისკევთება, რომელიც მათ აქვთ წლების განმავლობაში, რომ უანგაროდ ემსახურებიან ქვეყანას, ეს უნდა გავაძლიეროთ, რადგან ეს ქვეყანა მოსავლელი და ჩვენი მისახედია“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ადამიანების ნაწილმა პოლიტიკას საერთოდ შინაარსი დაუკარგა და პოლიტიკური ძირითადი პლატფორმა – პარლამენტი გადააქცია ცირკად, რათა გამოიყენონ, ელემენტარულად გამოჩნდნენ.
„პატივცემული დეპუტატები, რომლებიც მთელი დღე დარბაზში არ ისხდნენ, ნახევარი საათით იმისთვის მოვიდნენ, რომ 5-წუთიანი დასკვნითი სიტყვა ეთქვათ. ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა. კრიტიკული კითხვების არასოდეს შეგვშინებია ჩემი გუნდის არცერთ წევრს. პირიქით, ამ კრიტიკულ კითხვებს ველოდებით. კრიტიკული კითხვები ჩვენთვის ასპარეზია, რათა ამ კითხვებზე ჩვენი შესაძლებლობები და არგუმენტები წარვადგინოთ. ყველაზე და ყველაფერზე არ ვამბობ. ბევრი კითხვა იყო, რაც არ მომეწონა. ეს იყო უშინაარსო, ხშირ შემთხვევაში, ყველგან არა. ამას ჩვენ მოვითმენთ. დღეს მოვედით და პარლამენტში ვთქვით, რომ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ სტატისტიკაზე, შემდეგ ვიმუშავეთ ამ სტატისტიკის ანალიზზე და დღეს მზად ვართ, პარლამენტთან ერთად, საექსპერტო წრეებთან ეს დისკუსიები დავიწყოთ. არცერთი კითხვა ამაზე არ ყოფილა. წარმოგიდგენიათ? შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და როცა ვსაუბრობ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე, არცერთი გამოხმაურება არ ყოფილა და არავის უკითხავს. ეს არ აინტერესებთ. მივიჩნევ, რომ ეს იყო გამოწვეული იმ საარჩევნო ფონით, რომელიც ქვეყანაშია. მაისში არჩევნებს ველოდებით. უდიდეს პასუხისმგებლობას ვუდასტურებ პარლამენტს, საპარლამენტო დემოკრატიას, საპარლამენტო ზედამხედველობას, თუმცა ყველამ – მთავრობის წევრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, თითოეულმა პარლამენტარმა უდიდესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ არ მოხდეს საპარლამენტო, როგორც ინსტიტუტის ზედამხედველობის, დისკრედიტირება“, – განაცხადა გახარიამ.