გიორგი გახარია - როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს, ეკონომიკა უნდა გაიხსნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და მოქალაქეებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ.
ამავდროულად, გიორგი გახარიამ ეკონომიკის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას.
ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი. სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე.
რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელ-ნელა, ეტაპობრივად ძალიან ფრთხილ, მაგრამ გახსნას.
ამისთვის უკვე ვსაუბრობთ როგორც რეგიონის ჩვენს მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ჩვენს ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ შევქმნათ ასეთი უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ რაღაცაზე, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, ეს არის თქვენთან შეხვედრის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.