გიორგი გახარია - როდესაც ვიღაცას უნდა, იყოს შეწყალებული, არსებობს სამართლებრივი აქტი - აღიარება
ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ფაქტია და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის კომპეტენციაში ვერავინ ვერ შეიჭრება.
„შეუძლებელია, რომ დღეს ვიღაცამ თქვას, რომ ქართული მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული, შეუძლებელია, მით უმეტეს გარკვეულ კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით. პოზიცია არის მარტივი, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, ეს არის ჩემი პოზიცია. შეფასებები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საბოლოო ჯამში არის რამდენიმე განზომილება, ეს არის სუფთა სამართლებრივი განზომილება და საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის კომპეტენციაში საბედნიეროდ ვერავინ ვერ შეიჭრება. ეს არის ფაქტი, ეს ერთი. მეორე – არსებობს გარკვეული პოლიტიკური პროცესები. ახალგაზრდა დემოკრატიის პრობლემები რაში მდგომარეობს? როდესაც არც სიმწიფე, არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ აქტორებს არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორც არის სასამართლო ინსტიტუცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ, თან ისე, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა არ უნდათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.