გიორგი გახარია - როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს
გიორგი გახარია - როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს

მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია, რათა ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 20 მილიარდი ლარი შეადგინა და ამას მოსახლეობა კარგად ხედავს.

„პირველ რიგში ეს არის გზები, წყლის ინფრასტრუქტურა, კიდევ ბევრი რამ, თუმცა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გეგმავს დამატებით 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით რვა  პროცენტი, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს ინვესტირებული ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და დღეს, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეკონომიკაში და არა მხოლოდ ეკონომიკაში, გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.

„ამას დასჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.