გიორგი გახარია - როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯგუფურად ფლობენ იარაღს, ყველა სახის ეჭვი შეიძლება გაჩნდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთა საქმის გამოძიება მოტივის გამოკვეთის ეტაპზეა.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე შეუძლია საუბარი, კერძოდ იმაზე, რომ ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო.
„დღეის მდგომარეობით, გამოძიება მოტივის გამოკვეთის ეტაპზეა. ამოღებული გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფური ვიზიტით საქართველოში 27 ნოემბერს ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც შემიძლია, დღეს გითხრათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჯგუფურად ფლობენ იარაღს, შეიძლება, ნებისმიერი ეჭვი გაჩნდეს, თუმცა წინასწარი დასკვნების გაკეთება სწორად არ მიაჩნია.
„ზოგადად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონცეტრირებულად, ჯგუფურად ფლობენ იარაღს და შემდგომ უკვე ჩვენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აღმოვაჩინეთ ეს იარაღი, რა თქმა უნდა, ყველა სახის ეჭვი შეიძლება გაჩნდეს. თუმცა დღეს ჩვენ არაფერზე არ ვსაუბრობთ გარდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისა. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და ვნახოთ, რა შედეგები იქნება“, – განაცხადა შს მინისტრმა.
კითხვაზე, რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ოპოზიციასთან, გახარია აცხადებს, რომ ასეთი ეჭვები გაჩნდა ბრალდებულების მიერ დაკითხვების დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე.
„ვადგენთ, ეს არის პროცესი, ამასთან, ეს არის ძალზედ საპასუხისმგებლო გამოძიება და ჩვენ აქ თითოეულ ნაბიჯსა და სიტყვას ვზომავთ. რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვები მათივე განცხადებებიდან გამომდინარე არსებობს, მათ შორის იმ განცხადებებიდან, რაც დაკითხვების დროს გააკეთეს. ასევე სხვადასხვა აქციაზე მათივე ვიზიტების გათვალისწინებით, მათ შორის თბილისში. ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. ვნახავთ, სად მიგვიყვანს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გარდა ამისა, იმ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ, ახლა გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.