გიორგი გახარია - როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ელექტროენერგიაზე ტარიფი იზრდება, ეს ჩვენთვის არის ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს
2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაფაროს სხვაობა ელექტროენერგიასა და წყალზე გაზრდილ ტარიფსა და დღეს არსებულს შორის.
როგორც გახარიამ განმარტა, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ტარიფებს შორის სხვაობას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ.
„მოგეხსენებათ, ამ წუთებში მიმდინარეობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რის შედეგადაც, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება ველით, რომ ტარიფი გაიზრდება. ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება და სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიასა და წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე.
ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მოქალაქეებისთვის. ეს ეხებოდა ელექტროენერგიას, გაზს, წყალს და ასეთი სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ნოემბრიდან. ეს სუბსიდირება შეეხო 1 200 000 აბონენტს, რაც ნიშნავს საქართველოს 1 200 000 ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რაც სახელმწიფოს აქვს.
როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. ჩვენ ეს კარგად გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ტარიფის ზრდა რა სიდიდით მოხდება, რამეთუ ეს არის სემეკ-ის კომპეტენცია, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში და მივიღეთ ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება – 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი