გიორგი გახარია - როდესაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში
გიორგი გახარია - როდესაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში

პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე როდესაც იქნება თავდასხმა, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი.

„რეალურად რა მოხდა ინაუგურაციის დღეს. ოპოზიციას ჰქონდა განაცხადი თელავში აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიუთითა მათ კონკრეტული ადგილი, სადაც აქცია უნდა ჩატარებულიყო. შემდგომ, დღის განმავლობაში, როდესაც მოხდა გადაადგილება თბილისიდან, პოლიციამ აბსოლუტურად ლეგიტიმურად, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მიუთითა მათ ის ლოკაცია და გზა, როგორ შეიძლებოდა ყველაზე მარტივად მისულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც აქცია უნდა გამართულიყო.

ვისაც ეს ლოგისტიკა წარმოუდგენია, სხვაობა ველისციხიდან ანუ ყვარლიდან, რომ მისულიყვნენ თელავში, იყო დაახლოებით 30 წუთი. შედეგად მივიღეთ კონფლიქტი, რომელსაც ჰქონდა ჩვეულებრივი თავდასხმის სახე პოლიციელებზე. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში და რეალურად, ვფიქრობ, არავის უნდა უკვირდეს, ის ზომები, რა ზომებიც მიიღო პოლიციამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ფაქტები გამოვლინდება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა.

„შემიძლია აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როგორც კი გამოვლინდება დამატებითი ფაქტები, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ შედარებებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი. თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი კადრი ან დამატებით ფაქტი პოლიციელზე ზემოქმედების ფიზიკური, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში. აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელის, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ,  შედეგი იქნება კიდევ უფრო მკაცრი. ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.