გიორგი გახარია - როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგება, იქ გამოჩნდება, ვინ არის პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური საარჩევნო გარემოს მომხრე
როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგება, იქ გამოჩნდება, ვინ არის პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური საარჩევნო გარემოს მომხრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას გამოეხმაურა.
რაც შეეხება ხელისუფლების ლობისტებთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას მიერ დასმულ კითხვას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ღიმილისმომგვრელია.
„ბატონო გიგა, ლობისტებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ახლა ღიმილისმომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გიგა ბოკერიას რეპლიკაზე გახარიამ აღნიშნა, რომ მასთან დისკუსიაში არ შევა.
„ე.ი. პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, აქვს ხელისუფლებას. ეს უბრალოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს. კარგი აღარ გამოვიხედები თქვენკენ, ასე თუ მოქმედებს თქვენზე ჩემი ყურადღება, იქით გავიხედები. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, აი, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა. პირდაპირ გეტყვით, რომ საერთოდ პოლიტპატიმრებზე საუბარი დღეს, როდესაც ერთხელ მივეცი შეფასება, კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობს. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები, ერთ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც შტურმისკენ მოუწოდებდა და პარლამენტის ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას. ამ შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი ამ პროცესში, ზოგიერთებს, ყველას არა. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის კონკრეტული თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი დასრულდება საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრისას და ამ დროს გამოჩნდება, ვინ რა პოზიციაზეა.
„პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება. აი, იქ გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას კითხვის კიდევ ერთ ნაწილს – თუ გაირკვევა, მთავრობაში არის მინისტრი, რომელიც დემოკრატიასთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკას ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, არის თუ არა ასეთი მინისტრი გასაშვები, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არ იცის, რაზე საუბრობს ბოკერია.
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ვსაუბრობთ. ეჭვი მაქვს, რომ მორიგი თქვენი ფანტაზიების შედეგია ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.