გიორგი გახარია - როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას
როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ამ სპეცოპერაციას წარმატებული ეწოდოს მაშინ, როდესაც თავდამსხმელი დაკავებული არ არის, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ ღონისძიების მეორე ეტაპიც წარმატებით დასრულდება.
„როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იქნებით პირველები, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში მოხდა, რომლებიც დასვამენ შეკითხვას ამ „დისკრედიტებული პოლიციის“ უმოქმედობის გამო. ამ ღონისძიების მეორე ეტაპი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ამ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო სწამებენ ცილს, რომ არჩევნები ახლოვდება.
„მხვდა ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. იდეალურად, ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგანი გახდნენ. ეს ამორალურია. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური ოთხი-ხუთი დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ.
შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის, რაც ზუგდიდში დატრიალდა. ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს, მას შემდეგ, რაც სისხლი არ დაიღვარა, დაჟინებით ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია უუანროა. ეს ასე არ არის და ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს. სულ მალე მივხვდებით ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი