თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას, რათა დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა, დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თერჯოლაში, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძისა და თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.
„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, მომავალზე საუბარი. ადამიანის, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ, უაღრესად თბილი იმერეთი, მაგრამ ხანდახან მწარე რეალობით გადმოსცა უაღრესად ემოციურად. ეს ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის ნაწილია. ამიტომ, ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის და რაც ობიექტური რეალობაა, ყოველთვის იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ძლიერი მხარეც კარგად უნდა ავხსნათ და ჩვენს სისუსტეებსაც უნდა ვხედავდეთ.
დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი. რა თქმა უნდა, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში. ამას ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ მალე, სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, როდესაც რიკოთის უღელტეხილის ჩქაროსნული გზა დამთავრდება, სულ რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან აქ ჩამოსვლა, რაც სერიოზულ იმპულსს მისცემს აქ ტურიზმის განვითარებას და ეს შენარჩუნებული, ულამაზესი, ისტორიული ბუნება, ულამაზესი ისტორიული ძეგლები,ციხესიმაგრეები, ის სავაჭრო გზები, რომლებიც ისტორიულად თერჯოლაზე გადიოდა, ეს არის ის ისტორია და სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია არის სისტემურად იზრუნოს ადამიანებზე და შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას.
„არ უნდა იყოს სხვაობა – ბავშვები რომელ სკოლაში სწავლობენ, თერჯოლაში თუ თბილისში, პენსიონერები – თერჯოლაში ცხოვრობენ თუ თბილისში. მათ მაქსიმალურად დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. არ უნდა იყოს სხვაობა და სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მასწავლებელზე, ექიმზე, პოლიციელსა და ჯარისკაცზე, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს და ზრუნავენ თითოეულ მოქალაქეზე.
ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ, იქნება ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით – „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის, თუ წარმოების მხარდაჭერის. თერჯოლაში რამდენიმე საკმაოდ კარგი საწარმო გაიხსნა – ქვის გადამამუშავებელი, მეტალის გადამამუშავებელი. ყველაფერი შედარებითია. იმერეთში, სხვებისგან განსხვავებით, ამ პროგრამების გამოყენებაში თერჯოლა ერთ-ერთი ჩემპიონია, ეს უნდა გავაგრძელოთ და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ პროგრამა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ინიციატივის მქონე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, გლეხობიდან გახდნენ ფერმერები, დაიწყონ ბიზნესი, წამოიწყონ ტურისტული საქმიანობა, აღარ დასჭირდებათ თბილისში ჩასვლა. თქვენთან, აქ, თერჯოლაში მიიღებთ სრულ ინფორმაციას იმ დონეზე, რომ შეგეძლებათ კონტრაქტის გაფორმებაც ამ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. ეს პროგრამები ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობს, მას თუ შესწევს უნარი აიღოს რისკები თავის თავზე, გარისკოს იმ დათქმით, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება, გადადგას პირველი ნაბიჯი და შექმნას ღირსეული პირობები შრომისთვის, ღირსეული პირობები შეუქმნას თავის ოჯახს და შემდგომ შეძლოს დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ასე უნდა შევქმნათ ჩვენ ყველამ ერთად ძლიერი ქვეყანა, იმიტომ რომ ძლიერი თერჯოლის გარეშე ძლიერი საქართველო შეუძლებელია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ნელ-ნელა, ადამიანები აქ უნდა დაბრუნდნენ და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და არჩევანი უნდა იყოს.
„ადამიანები აქედან სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ არა თუ თბილისში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მათ, ვისაც სურვილი აქვთ თავის მამაპაპისეულ ფუძეზე გააგრძელონ შრომა და ცხოვრება, ეს ის მინიმალური პირობებია, რომლებიც ჩვენ, როგორც მთავრობამ აუცილებლად უნდა შევუქმნათ თითოეულ მოქალაქეს.
ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – რვა წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავარია სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად ყველა იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რომელიც უკვე დავიწყეთ. მიზანი მარტივია და არის ის, რომ თითოეულ ადამიანს, თანაბარ პირობებში ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თბილისში ცხოვრობს, თერჯოლაში, ბათუმში, თუ სხვაგან. ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმისთვის, რომ ყველანი ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენთ, საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის განვითარებაში მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, მერწმუნეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, მოუნდება თქვას, რომ ის იყო ამ დიდი საქმის ნაწილი. ამ დიდი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ეს არჩევნებიც და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ თერჯოლელებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.