გიორგი გახარია - როდესაც არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია პროვოკაციებზე, ვიცავთ მართლწესრიგს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც გვაქვს
ჩვენ როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ვიცავთ მართლწესრიგს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია.
„ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით არა ერთხელ ავუხსენით და დავუტმკიცეთ საზოგადოებას. ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე ხომ არ ვართ პასუხისმგებელი, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც გვაკისრია. როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, რა თქმა უნდა, ვიცავთ მართლწესრიგს იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. აქციას მართავდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.