გიორგი გახარია - როდესაც ფიზიკური, ორგანიზებული, სისტემური შეტევა მიგვაქვს პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე, პოლიცია ვალდებულია, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები
როდესაც ფიზიკური, ორგანიზებული, სისტემური შეტევა მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, აქ პოლიციას არათუ უფლება აქვს, არამედ უკვე ვალდებულია, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ტვ პირველში“, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას კითხვაზე, რატომ მოხდა 20 ივნისის აქციაზე სროლა აქციის სიღრმეში.
მინისტრის თქმით, აქცია, რომელიც 20 ივნისს 19:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათამდე აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე აქცია გახდა ძალადობრივი.
„ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა 15 ათას ადამიანზე მეტი. რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე, აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა სრული ლეგიტიმური უფლება ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების.
თუ გვინდა ჩვენი საუბარი იყოს ადეკვატური და ლეგიტიმური, უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე თემაზე, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, სხვანაირად საუბარი არ გამოგვივა – როდესაც ფიზიკური შეტევა, ორგანიზებული, სისტემური მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, აქ უკვე პოლიციას უფლება აქვს კი არა, ვალდებულია, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რამეთუ არ დაუშვას ქვეყანაში ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.