გიორგი გახარია - რეფორმები აუცილებელი პირობაა, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ დაპირებების შესასრულებლად
რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა და ეკონომიკური კრიზისისა, რეფორმების გადავადება არ იგეგმება.
„რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ, მარტივი მიზეზით.გადავადებული რეფორმა, განსაკუთრებით ახლა, კრიზისში არის დაკარგული დრო. კარგად გვესმის, რომ როგორც კი ეს ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი დასრულდება, გლობალური კონკურენცია, განსაკუთრებით ევროპულ სივრცეში იქნება უაღრესად მწვავე და ჩვენ თუ აქ რაიმე განზომილების მიმართულებით ფორმაში არ ვიქნებით, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, იქნება ეს სამართალდამცავი სისტემა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ნებისმიერი, აქ თუ შესაბამის ფორმაში არ ვიქნებით, უბრალოდ შეიძლება „ღია ფანჯრის“ შესაძლებლობა დავკარგოთ და ხელიდან გავუშვათ. ამიტომ არ ვაპირებთ ამას. მეტსაც გეტყვით, რომ DCFTA-ის შესრულება თანმიმდევრულად კი მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ DCFTA-ის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ათვისებაში ძალიან ჩამოვრჩებით, სერიოზულად ჩამოვრჩებით. აქაც ბევრი რამეა გასაკეთებელი, სტრუქტურული პრობლემაა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, დღეს ამას ვერ გრძნობენ, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არის ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისა, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ იგრძნო. იმის იქით, ეკონომიკური, განათლების, თუ მცირე ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობენ. გრძნობენ ერთეულები და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს რეფორმების არადროული გატარება და სტანდარტების არდაახლოება.
ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ იყენებენ. სტანდარტების დასაახლოებლად და ამ სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოსაყენებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ ეს რეფორმები. ეს რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ. რთული იქნება და ეს დაპირება არ არის ჰაერიდან მოტანილი. რთული იქნება საქართველოს მოქალაქეს აუხსნა, 2024 წელსაც, თავისუფალი უვიზო რეჟიმის შემდგომ საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად რომ არ ექნება რაიმე ხელჩასაჭიდი შედეგი დ ჩვენ თუ ეს რეფორმები არ გავაგრძელეთ და მსგავსი ამბიციური მიზნები არ დავისახეთ, ასე იქნება. ეს გამოიწვევს სერიოზულ გულგატეხილობას. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, ეკონომიკური კრიზისია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის საფუძველი არავის მივცეთ“, – განაცხადა პრემიერმა.