გიორგი გახარია - რატიანის საქმე მაღალი ობიექტურობის ხარისხით უნდა იყოს გამოძიებული
რატიანის საქმე მაღალი ობიექტურობის ხარისხით უნდა იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მწერლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა ძირითადი კომპონენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოების რეაგირებაზე.
„რაც შეეხება რატიანის ქეისს, ეს კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა იყოს მაქსიმალურად მაღალი ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან იქნება ობიექტურობის უმაღლესი დონით ჩატარებული და მაღალი ობიექტურობის ხარისხით გამოძიებული. ვიდეოს გავრცელება იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე, ეს არის სამწუხარო მომენტი, თუმცა ვფიქრობ, მხარეები ამ გამოწვევასაც გავუძლებთ და ვუპასუხებთ. მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები ზუსტად, კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, არსებობს ინტერნეტში, სადღაც დევს საიტზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრა იყო საქმიანი.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციოს სისტემის რეფორმა შეუძლებელია. მესმის, რომ არის გარკვეული ნდობის პრობლემები, არსებობს კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი ღიაა. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება უმნიშვნელოვანესია დღეს იმ გამოწვევის ფონზე, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს არის ერთი და მეორე, რის გამოც გადავწყვიტეთ დღეს აქ მოსვლა, არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც აშკარად დავინახეთ ის მესიჯები, რომელიც ძალიან ახლო თანხვედრაში მოდიოდა ჩვენს პოზიციასთან სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული, პოლიტიკურად ნეიტრალური, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ მოულოდნელად მივიდა. სამინისტროში მიხეილ გიორგაძესა და მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე შეხვედრა იმართებოდა.
შეხვედრის დროს მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სამინისტროში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.