გიორგი გახარია - რაც უფრო მკაცრი და ეფექტიანი იქნება შეზღუდვები, უფრო სწრაფად გაიხსნება ონლაინშოპინგიც, „სუფთა სახლიც“ და სხვა ყველაფერი
ძირითადი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე, ქვეყანაში მობილურობა, მოქალაქეების მოძრაობა გარკვეული დროით მაქსიმალურად შევზღუდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას ონლაინვაჭრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვაზეც დაუსვეს კითხვა.
მისი თქმით, 10 დღის, ორი კვირის განმავლობაში ყველამ უნდა გაიჭირვოს, რათა არსებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.
„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ახლა ათას რაღაცას ჭორაობენ – რაღაც კონკურენტული, არაკეთილსინდისიერი კონკურენტი.. ახლა ეს ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის ძირითადი ამოცანა არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე, ქვეყანაში მობილურობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოძრაობა მაქსიმალურად შევზღუდოთ გარკვეული დროით. ყველამ ერთად, ონლაინშოპინგი იქნება, მშენებლობა, პარფიუმერიის მაღაზია, თუ ქიმიის „სუფთა სახლები“ იქნება, უნდა გვესმოდეს, რომ ყველამ 10 დღე, ორი კვირა მაქსიმუმ უნდა გავიჭირვოთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევუდგეთ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა უკვე არსებობს.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ გვაქვს შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა, სადაც ონლაინშოპინგი, ონლაინმაღაზიები და ისევე, როგორც „სუფთა სახლი“, პირველი დგანან, მაგრამ ერთიც და მეორეც საკმაოდ დიდ მობილობას აგენერინებენ მსხვილ ქალაქებში, რაც პირდაპირ რისკის შემცველი არის ვირუსის გავრცელების. წარმოგიდგენიათ მაგალითად ონლაინშოპინგის ნაწილში რამხელა ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ფუნქციონირებდეს?
რა არის ჩვენთვის ძირითადი ამოცანა? ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პირველად მოხმარებასთან, სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, ყველაფერი დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი. ის რისი ყიდვაც ადამიანს შეუძლია სასურსათო სუპერმარკეტში და აფთიაქში სხვაგან სპეციალიზებული სახით არ გვაინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ახლა ამოცანა არა ვაჭრობის წახალისება, არამედ ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეზღუდვაა.
„ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები შევინარჩუნოთ სახლში და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანის მიზანი გახლავთ, რომ რაც უფრო მკაცრი და ეფექტიანი იქნება შეზღუდვები, უფრო სწრაფად გაიხსნება ონლაინშოპინგიც „სუფთა სახლიც“ და სხვა ყველაფერიც“, – განაცხადა პრემიერმა.