გიორგი გახარია - ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის დასრულდება და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების
დღეს მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ განიხილება გაზიფიცირების შემდგომი სამწლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი სამწლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა