გიორგი გახარია - ქვეყნის განვითარების პროცესში ქუთაისის ფუნქცია სულ უფრო გაძლიერდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში, საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, სხვა პროექტებიც განხორციელდება. მისი თქმით, ქვეყნის განვითარების პროცესში ქუთაისის ფუნქცია სულ უფრო გაძლიერდება.
„ეს არ არის ბოლო პროექტი ქუთაისისთვის. ქუთაისს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ეს არის საგანმანათლებლო, ტურისტული, ინდუსტრიული, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებები. მერწმუნეთ, ქუთაისს ისტორიულადაც ყოველთვის თავისი განსაუთრებული ფუნქცია აქვს ქვეყნის განვითარებაში და ეს ფუნქცია სულ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკრენციას ჩვენმა შვილებმა გაუძლონ. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლების. ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინიციატივაა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიცია. ეს კოლაიდერი კიდევ დამატებით ფუნქციას შესძენს უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი ისწავლის აქ. ამ უნივერსიტეტის ნიშა ასევე არის ერთობლივი კურსები მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება“, – განაცხადა გახარიამ.