გიორგი გახარია - ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმზე მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ გვითხრეს, ცოტა ხნით დაველოდოთ
ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკება გვქონდა დასრულებული, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, კოლეგებმა ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით გვითხრეს, რომ აბა ახლა, ცოტა ხნით დაველოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადადგმული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ეკონომიკასთან შესაბამისობაში.
„მაგალითად მინდა, მოგიყვანოთ ტურიზმის სექტორი, რომლის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა, თუმცა მთავრობა ამავდროულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, ამიტომ კოლეგებმა გვითხრეს, ცოტა ხნით დაველოდოთ და ვნახოთ, ციფრები როგორი იქნება. ბევრი საუბარია მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში, გამოჩენაზე. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გაზომილი, ჩვენ ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.