გიორგი გახარია - ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა, რათა განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა ყველაფერი
მეც მიმუშავია ბატონი ვახტანგ გომელაურის პოზიციაზე და მართლა უმძიმესი პოზიციაა მთავრობაში. როგორც კი ჩვენ სტატისტიკას და სტატისტიკურ ციფრებს ვაფეტიშებთ, ვკარგავთ ძირითად მიზანს სამართალდამცავი სისტემის. სამართალდამცავი სისტემის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა. არ იქნება ქვეყანაში უსაფრთხო გარემო? ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დაგვრჩება უკან, ვერაფერში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები.
„ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა ყველაფერი. ამიტომ ამ ადამიანების შრომა არის მართლა დაუფასებელი – ეს ერთი, მეორე ჩვენ თუ აქ დაბალანსებული მიდგომა არ გვექნა, ყოველთვის აღმოვჩნდებით ერთი და იგივე წრეზე. ხან გვექნება უაღრესად ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ჩვენს მეორე მხრიდან მოთხოვნას და რაღაც პერიოდში გადავალთ რეპრესიულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და მუდმივად ვიქნებით ასე, იმის მაგივრად, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში. ამისთვის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის თანმიმდევრული, დაბალანსებული რეფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ გარემოებების ტყვეები ვართ დღეს. ჩვენ გარკვეულ პერიოდში რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომ, აბსოლუტურად ლოგიკურად, სამართლიანად და იმის საფუძველზე, რაც იყო ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა – სამართალდამცავი სისტემა გავხადეთ ბევრად უფრო ჰუმანური. სწორი იყოს ეს? რა თქმა უნდა სწორი იყო, მაგრამ ჰუმანურობის პარალელურად უნდა გაიზარდოს ეფექტიანობაც და ეფექტურობაც.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ჩვენი მოქალაქეებისგან წამოვა სულ სხვა მოთხოვნა. ამიტომ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები. როდესაც ვსაუბრობთ სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ხარისხზე, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელსაც ყველა ვხედავთ, ვამჩნევთ, პირველ რიგში არა სტატისტიკური მონაცემები შევაფასოთ, არამედ უნდა შევაფასოთ რეფორმების ის პროგრესი, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს და უნდა გვქონდეს რეფორმების ის გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დავაყენოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.