ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველოსთვის ვიყოთ, ალბათ, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდანვე ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზებს კონკრეტულ გეგმას, პროგრამას, როგორ უნდა ავაშენოთ ერთად ძლიერი, ეფექტიანი და, რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პარტიის პროგრამა კონცენტრირებული იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ ცხოვრებას, კულტურას, სპორტს, განათლებას, ყველაფერს რაც ქვეყნის მომავალთან და განვითარებასთან არის დაკავშირებული.
„ეს გახლავთ დემოკრატია, მაგრამ დემოკრატია, როგორც წესრიგის განმსაზღვრელი წესების კრებული და არა ქაოსის შემომტანი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უსაფრთხოება – უსაფრთხო გარემო, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რეგიონალური უსაფრთხოება, ფართო უსაფრთხოება, რაც არის უკიდურესად აუცილებელი პირობა, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფიქრი და ქვეყნის მომავალზე მსჯელობა.
არ მინდა, დეტალურად განვიხილო ეს პროგრამა თქვენთან ერთად, რამეთუ გვექნება სხვადასხვა პლატფორმაზე, ექსპერტებთან, კოლეგებთან, ეკონომისტებთან ერთად მსჯელობა. უბრალოდ, როგორც ფაქტი, მინდა, დავაფიქსირო ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები, რომელთა სასწრაფოდ დაწყების გარეშე, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისა და მდგრადობის რისკებს უბრალოდ ვხედავთ. ეს გახლავთ, პირველ რიგში, სახელმწიფო მმართველობისა და ბიუროკრატიის რეფორმა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეფექტიანი ბიუროკრატიის, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური ბიუროკრატიის გარეშე, ვერ გავატარებთ ვერანაირ რეფორმას. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დაყოფა, მათი დევნა ან მათი წახალისება. ეს არის უაღრესად მანკიერი თვისება დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით საპარლამენტო დემოკრატიაში“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია.
„მეორე გახლავთ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. ჩვენ გაგვიჭირდება ეფექტიანად გავაძლიეროთ ინსტიტუტები და ვისაუბროთ ქვეყნის სწრაფ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა უნდა იყოს ყოველდღიური საფიქრალი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ყოველდღიურად დააზღვევს ქვეყანას კორუფციული და ნეპოტისტური რისკებისგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ასევე საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.
„მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა – აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასამართლო სისტემის რეფორმას. მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს სერიოზულ გადახედვას მისი საგამოძიებო მექანიზმების გადახედვით და რეფორმირებით. ერთიანი, სამართლიანი, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანაში გავაჩინოთ სამართლიანობის, დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მეწარმე, ნებისმიერი მოხელე შეძლებს, იფიქროს თავისი ქვეყნისა და ოჯახის განვითარებაზე“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა და ამ მიმართულებით სერიოზული რეფორმაა გასატარებელი.
„ასევე მნიშვნელოვანია განათლების სისტემა. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ არის გარკვეული გამოწვევებიც. ამ გამოწვევების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ამბიციურ გეგმებს ვისახავთ, უნდა გვესმოდეს, რომ გავთვალოთ პრაგმატულად, რა შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი განათლების რეფორმა უნდა იყოს მორგებული ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობებზე, თუ ასე მიდის საქმე, ის, პირველ რიგში, ფოკუსირებული უნდა იყოს საშუალო განათლებაზე, სადაც ჩვენი ბავშვების საბაზისო თვისებები ყალიბდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მან ისაუბრა სოციალური დაცვის რეფორმის აუცილებლობაზე.
„სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა – უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლიანი სოციალური დაცვის სისტემა, ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი პირობები მეწარმეებისთვის. მაგრამ ვიდრე ეკონომიკა დადგება ფეხზე, ვიდრე ქართული ეკონომიკა იქნება ძლიერი, სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ სოციალურად დაუცველ იმ ჯგუფებზე და ჩვენს მოქალაქეებზე. მან უნდა იზრუნოს, ჩვენს ხანდაზმულებზე, ბავშვებზე, შშმ პირებზე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს დახმარებას.
ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დღეს სასწრაფოდ საჭიროებენ რეფორმირებას. სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ეფექტური სახელმწიფოს მშენებლობაზე საუბარი. ყველაზე მთავარი არის, რომ ძლიერი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს თანაბარი, სამართლიანი პირობები შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, სურვილი, სიმამაცე, აიღონ რისკები თავის თავზე, იშრომონ და არჩინონ ღირსეულად თავიანი ოჯახები. სახელმწიფომ ამ ხალხს უნდა შეუქმნას თანაბარი პირობები. ეს არის შესაძლებლობა, როგორ შევქმნათ ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენა. ეს არის ის ხალხი, ვისზეც უნდა დადგეს ჩვენი საზოგადოების განვითარება და ეს არის ის ხალხი, რომელმაც ამ ქვეყანაში უნდა დაძლიოს სიღარიბე და შექმნას სამუშაო ადგილები.
ჩვენი პროგრამის განხორციელების შედეგად უნდა მივიღოთ სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო. სამართლიანი წესრიგი, ევროპასთან უკვე დაახლოებული ქვეყანა, უკვე მზად სრულფასოვანი წევრობისთვის და ქვეყანა, რომელიც გახდება, არა გამოწვევების, რევოლუციების, ძალადობის, პრობლემების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, სრულად მოახდინონ თავისი თავის რეალიზაცია მათი ოჯახის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, ბევრი გეგმა დავსახოთ, ბევრი რეფორმები დავგეგმოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ასაშენებლია, არავინ და ვერავინ ამ საქმეს ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.