გიორგი გახარია - ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება, აკმაყოფილებენ სტანდარტს და მათი სია ეცოდინება ყველას
ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება, აკმაყოფილებენ სტანდარტს და ამ სასტუმროების ცხრილი ეცოდინება ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ თბილისში 75 სასტუმრო შემოწმდა, საიდანაც 15-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები.
„როგორც გითხარით, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში უკვე დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ მოდი, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. უკვე რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ და 75-დან 15-მა გაუძლო. ამ რიცხვმა არ უნდა შეგაშინოთ. უნდა იცოდეთ, რომ თბილისში ბევრი დიდი სასტუმროა, მაგრამ სტანდარტები უჭირს. იქ კონდიცირება და კიდევ ბევრი რაღაცაა, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, აქ განაცხადით, რა თქმა უნდა, უნდა შეხვიდეთ და ნახოთ, მოთხოვნები რა არის და ამის დაკმაყოფილება არ არის რთული. ამაში ყველაფერში მოგეხმარებათ ჯანდაცვის სამინისტროც და ეკონომიკის სამინისტროც. როგორც კი მიღებული გექნებათ უფლება, რა თქმა უნდა, პირველი იქნება შიდა ტურიზმი, შემდეგ უკვე ტურიზმის ეროვნული სააგენტო მოგეხმარებათ.
მარტივად წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ რაღაც სტანდარტს და ამ სასტუმროების ცხრილი ეცოდინება ყველას. ჩვენ ვართ უკვე დაინტერესებული იმაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. შემდგომ უკვე მივიტანთ ჩვენს საზღვარგარეთელ პარტნიორებამდე.