გიორგი გახარია - ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის საზოგადოებასთან ერთობლივი შრომის შედეგი
ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის ჩვენი საზოგადოებასთან ერთობლივი შრომის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები არის სამი და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, ამის დასტურად შეგვიძლია, გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი. ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება, ინფიცრებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ცნობილი კლასტერებიდან. რისკის შემცველი ჯგუფი ასევე გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და კონტროლი არის გამკაცრებული. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს. ეს არის ჩვენს საზოგადოებასთან ერთობლივი შრომის შედეგი. ამიტომ გვაქვს შემდგომი ამოცანა, ეს არის ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. ჩვენ ერთი თვის წინ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს. დღეს ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ. ამის საშუალებას გვაძლევს, გარდა იმისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დაავადებათა ცენტრმა მოგვაწოდა კვლევის შედეგები, რაც ადასტურებს, რომ შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზე მცირე და რისკები არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რჩება ჩვენთან ერთად და უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები. ჩვენი მოქალაქეების სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შემოდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე. 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება კონკრეტული წესების დაცვით, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.