გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ვერ გაერკვა, ვერ მოერია ამბიციებს, ქვეყანას ვერ გავაჩერებთ, ვერ ავყვებით უპასუხისმგებლო ქმედებებს
მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, თუ არსებულ რთულ ვითარებაში ხელისუფლებას არ ეხმარებიან, „ხელს მაინც ნუ შეუშლიან დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინაშე“.
„როდესაც ვსაუბრობთ მთავრობის შემდგომ ოთხწლიან პროგრამაზე, ველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არაორდინარულ გარემოში და პირობებში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება – გლობალური პანდემია „კოვიდ-19“, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ამ ყველა გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთად. როდესაც მე დასაწყისში ვთქვი, რომ სამწუხაროა, აქ ოპოზცია არ არის წარმოდგენილი, ერთად ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ, ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს.
ვერ გავაჩერებთ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები. რეალურად, როდესაც ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, გადმოდის ჩვენზე და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზე მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით.
არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის კრიტიკის არ ეშინია, ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინაშე, აშკარად ჩანს ხშირად ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწროპოლიტიკური ინტერესების მისაღწევად სახელმწიფოს დელეგიტიმაცია არის უაღრესად რისკის შემცველი ნაბიჯი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გამკლავება გამოწვევებთან და პრობლემებთან გლობალური პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ, პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად“, – აღნიშნა გახარიამ.