გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება. შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი აქტიურად ინერგება.
გიორგი გახარია ქუთაისის აეროპორტში პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია Dimark group აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, რაც მისი თქმით, საბოლოო ჯამში თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.