გიორგი გახარია - „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც გამოძიებას დაეხმარებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
„ვაჩენთ ახალ დანაშაულს, როგორცაა მაგალითად „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს პასიური წევრობა.
თუმცა, ამასთან ერთად, შემოგვაქვს სიახლე და „ქურდული სამყაროს“ ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან საგამოძიებო ორგანოებს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან“, – აღნიშნა შს მინისტრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება. ფართოვდება იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა გამო ე.წ. კანონიერი ქურდები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან. შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება გაზაფხულზე იგეგმება.