გიორგი გახარია - ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით
გიორგი გახარია - ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით

ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახელებ რომელ რესტორანში, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის გამო მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ მსგავს რიტუალურ ღონისძიებებში 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა აიკრძალოს.

„რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.

იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.