გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი
„ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში, ქვეყანაში დაიცვა წესრიგი.
„სხვათა შორის, „ოცნების“ დღევანდელ „ბოსებს“ მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე, მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში, მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი. მინდა, „მივულოცო“ ეს „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბოსებს, როგორ მოახერხეს, რომ 20 ივნისს, ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია. ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, მოეხერხებინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის თანამდებობაზე კი ზურაბ ჯაფარიძე.