გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის მონაწილე იყო, დღეს მერობის კანდიდატია
რაც შეეხება თავად პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, როგორც გახარიამ აღნიშნა, საზოგადოება მის შესახებ მაშინ გაიგებს, როცა საჭიროდ ჩათვლიან.
„ჩვენი მერობის კანდიდატის ვინაობას შეტყობთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. დროს სრულად გამოვიყენებთ. ერთი მხრივ პარტიულ ინფრასტრუქტურას ვალაგებთ და მეორე მხრივ, ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართული ოცნებას“ ათწლეულების განმავლობაში დალაგებული იერარქია აქვთ. მათთვის ეს ყველაფერი მარტივია. მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღეს მმართველი ძალა დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს.
„სამწუხაროდ, დღეს მმართველი ძალა ზუსტად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს. დღეს ხელისუფლება, მმართველი ძალა, იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტს, პოლიციას, სუს-ს – ყველაფერს, რათა ადამიანებზე მოახდინოს ზემოქმედება ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის გამო. სამსახურიდან დათხოვნა, ფინანსური პოლიციის ბიზნესზე ზემოქმედება არის შიშის შედეგი. ჩვენ დროს პოლიტიკური პარტიების მსგავსი ინსტრუმენტები არასოდეს გამოგვიყენებია. მე არასდროს გამომიყენებია. რაც შეეხება მელიას და გახმაურებულ საქმეებს, ეს იყო ყველა სასამართლომდე მისული საქმე და სამართლებრივი პროცესები იყო დაწყებული. თქვენ შეიძლება, ყველაფერს მანიპულაცია დაარქვათ, მაგრამ პარლამენტში შეჭრის მცდელობა მანიპულაცია იყო? პოლიციელებს თავს რომ ესხმოდნენ, ესეც მანიპულაცია იყო? ის, რაც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმში იყო მონაწილე, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატია და ამნისტიის შედეგად გარეთ გამოუშვეს, ეს არ იყო მანიპულაცია? სხვა რამეს ვსაუბრობ, როდესაც საქმე მიდის სასამართლომდე, ამას თავისი პროცედურები და ლოგიკური გაგრძელება აქვს და როდესაც სასამართლომდე არ მიდის და შენ სუს-ის თანამშრომლები და პოლიციელები გემუქრებიან იმით, რომ სამსახურიდან დაგითხოვენ, ან შენი ოჯახის წევრებს დაითხოვენ, ან შენს ბიზნესში ფინანსურ პოლიციას შემოუშვებენ, ეს ცოტა სხვა საქმეა. ამას უკვე მასობრივი სახე აქვს. თქვენ თუ ახლა ადარებთ, რომ ვიღაც პოლიტიკური ხულიგანი პარლამენტში შეჭრას აპირებდა, ეს სხვა თემაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.