გიორგი გახარია - „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა
„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების პირობები, მოხუცებს ღირსეული სიბერე, ხოლო მშრომელ ადამიანებს სამართლიანი გარემო შეუქმნას.
„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. თან ბევრი დრო არ გვაქვს, თან ეს პანდემია დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას ყველა პირობაშევუქმნათ, რომ ქვეყნის შიგნით კარგი განათლება მიიღონ, იყვნენ მაგრები, ეფექტურები, ხოლო და როცა გაიზრდებიან და სხვა ქვეყნების შვილებთან კონკურენციაში შევლენ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა იყოს ძლიერი.
ჩვენი ვალდებულებაა და ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები მიხედილი იყვნენ, რათა მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ. სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად ცხოვრება განაგრძონ; მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, თავის ოჯახზე იზრუნოს და სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იყოს. ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის.
ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია: ბავშვი, ახალგაზრდა, მისი განათლება, მოხუცი და მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა. ჩვენ კიდევ ყველამ უნდა ვიშრომოთ. ამისთვის სახელმწიფომ შესაბამისი სამართლიანი გარემო უნდა შექმნას, რასაც ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტების ნაწილზეც ისაუბრა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა, მათ შორის წყალმომარაგების, გზების რეაბილიტაციის, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციის მიმართულებით.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ასაშენებელი კიდევ ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, ბევრი ჩამოვთვალო, რა გაკეთდა. ბევრი გაკეთდა წყალმომარაგებისთვის. მაგალითად, სოფელ უდაბნოში წყალი არასოდეს რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ, მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის წინ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გრძელდება და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24 საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება.
სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა კი მიმდინარეობს, მაგრამ საკმარისი არ არის. ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ, რომ განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება.
მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო. რა თქმა უნდა, კახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია . კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.
არ არსებობს იმაზე დიდი ღირსება, რომ როგორც რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი, დეპუტატი ემსახურო შენს ქვეყანას და რეგიონს. დარწმუნებული ვარ, დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს პარლამენტში ღირსეულად წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.