გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი
„ქართული ოცნება“ ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, „კახეთში თითოეული გლეხი ფეხზე მყარად უნდა იდგეს”.
„დღეს ყველას ერთად გვიწევს ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას, ასევე ვიბრძოლოთ ეკონომიკური განვითარებისთვის. ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, კახეთში თითოეული გლეხი უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ კახელ გლეხს, რომელიც ვაზს უვლის სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს, დაეხმაროს“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო აღნიშნულ დახმარებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება.
„ეს ყველაფერი გაგრძელდება, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ჩვენი ძირითადი მიზანია, ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ოჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში ვეღარ გვყავს და აღარ გვყავს ბევრი ტურისტი. ეს ტურისტი ხომ თითოეული ჩვენგანის შემოსვალი იყო. ახალი შემოსული ტურისტი ქვეყანაში მიდიოდა თითეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგავართ სოფლის მეურნეობის, ფერმერების და გლეხების გვერდით. რა თქმა უნდა, რაიონში, ლაგოდეხში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ასევე, პრემიერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც კახეთში უნდა განხორციელდეს.
„არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მთავარი არის, რომ ბევრი ძლიერი, მაგარი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებული გვაქვს წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ლაგოდეხისთვის დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალაში ასაშენებლია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, გასაგრძელებელია ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა, რომ ლაგოდეხმა, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და მეტი ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი გასაკეთებლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან ყოფილი გუბერნატორია. ადამიანმა, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვისაუბრე, იცის ზედმიწევნით კარგად. ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.