გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს
დღევანდელ დღეს საუბარი ყოველთვის იმის გახსენებით უნდა დავიწყოთ, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, როდესაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ მშვიდობიანად ქვეყანა გავამთლიანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეფლისწყაროში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს.
„რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს ავუაროთ გვერდი. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს – 278 000 და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ, კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ჩვენ ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და დადასტურება იქნება წლევანდელი რთველიც. ქართველ გლეხს, კახელ გლეხს საამაყოდ ექნება, თუ როგორ ჩავატარებთ ჩვენ ამ რთველს. ისე როგორც დავაბინავეთ ატამი, დავაბინავებთ ვაშლს, შემდეგ თხილსა და ციტრუსს.
არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ყველამ ერთად, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ბავშვებს კარგი განათლების სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ, აქედან რომ გავლენ სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო კარგები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მომსახურება ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სოციალური დახმარება ჰქონდეთ ნორმალური. ყველაფერი უნდა გავაკეთით იმისთვის, რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ. ეს არის ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესად ემართა.
„ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესად გვემართა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ და მეტი უნდა შევქმნათ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა – გზა, წყალმომარაგება და გაზი ჩვენი სოფლად და რაიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სოფლის გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ამიტომ, ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება მოგვარდება.
ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლა, 3000-მდე სკოლა, გასარემონტებელია. სამთაწყაროში, ახლა აშენდება ახალი სკოლა, რომელიც 300 ბავშვზეა გათვლილი, მაჩხაანში კი აშენება მთავრდება. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთავარია, იყოს სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება მის ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას – დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.