გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგული რჩება პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სუამ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგად რეალობად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კიევში, სუამ-ის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა ერთობლივი განცხადებების დრო აღნიშნა.
როგორც გახარიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, რაც ასევე შეუწყობს ხელს თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმსა და ეკონომიკას განავითარებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლიერება და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკისადმი შესანიშნავად ორგანიზებული შეხვედრისთვის. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ძირითადი შედეგი და განისაზღვრა, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური ნაწილი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ყველა ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სუამ-ის მთავრობათა მეთაურები მიესალმებიან ბიზნესფორუმსა და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
„ამის გარდა, ეკონომიკაზე მთავარი აქცენტის გაკეთებისას გვერდს ვერ ავუვლიდით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკურ განზომილებას. ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა. მე პირადად გადავუხადე მადლობა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამასთან ერთად, გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას უკრაინისადმი ამ ძალიან ნაყოფიერი წლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომდევნო წელი სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობისას ასევე პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დღეს დაიწყო. სუამ-ის ქვეყნების მეთაურები დღეს მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირისპირ ხვალ შეხვდება.