გიორგი გახარია - ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენის და რწმენის საფუძველი
ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ენის და რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, რათა ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა, ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი ტრადიციებზე, სარწმუნოებაზე და ეროვნულ კულტურაზე უარის თქმას არ გულისხმობს და პირიქით, სწორედ საკუთარი იდენტობისა და კულტურის დაცვა სჭირდება საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად.
„დაიღალა უბრალოდ ხალხი – დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით. დღეს რაც ხდება, ეს არ არის სწორი. არ შეიძლება, რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია – შეუძლებელია ეს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი – ჩვენი ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ – ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ – არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ, გვჭირდება მარტივი რამ – შრომის და სამართლიანობის გარდა გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო თუ არ იქნა ძლიერი, ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს, ძლიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.