გიორგი გახარია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთი ფიქრობს, ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს, მეორე ცდილობს, ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს, ხალხი საერთოდ არავის ახსოვს
ქაოსი დასამთავრებელია, სახელმწიფო სახელმწიფოს თუ არ დაემსგავსა და წესრიგი თუ არ დამყარდა, სულ ასე ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია განაცხადა.
გახარია რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს. მან დღეს პარტიის ახალი ოფისი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში გახსნა და ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
„ეს ქაოსი დასამთავრებელია და სახელმწიფო სახელმწიფოს თუ არ დაემსგავსა და წესრიგი თუ არ დამყარდა, სულ ასე ვიქნებით. ლანძღვაში, გინებაში, ცემა-ტყეპაში და ასე გაურკვევლად. გლეხი იქნება უპატრონოდ – მოქალაქეები არავის აღარ არ აინტერესებს. ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს, ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს. ხალხი საერთოდ არავის ახსოვს. ხალხი რომ ახლა დაავიწყდა ყველას, ეს პრობლემაა“, – ამბობს გახარია.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს – რაც დრო გადის, უფრო ერთნაირები ხდებიან და ახლა ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. არავინ არ ამბობს, რომ იქ ყველაფერი ცუდი იყო – მეც იქ ვიყავი და იქ ბევრი რამე კარგიც იყო და ბევრი ღირსეული ადამიანიც არის დარჩენილი. უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი – წყნარად, მშვიდად, ყველანაირი გადატრიალებების და რევოლუციების გარეშე – არჩევნების გზით, ისე, როგორც ჩვენ და ჩვენს წარსულს და ისტორიას შეეფერება, ლანძღვა-გინების გარეშე, ღირსებით, ნელა უნდა მივყვეთ და ეს ბრძოლა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ, ყველამ ერთად“, – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაზეც ისაუბრა.
„ამ ყველაფერს სჭირდება ხალხზე ზრუნვა. არჩევნების შემდეგ რომ მოვალთ, ადგილობრივი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ; პირველ რიგში წყალმომარაგება, საძოვრები, მიწების რეგისტრაცია. რამდენიმე წლის წინ მეც რეგისტრაციის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიძლებოდა და ახლა ეს მოგვარებულია და მიწების რეგისტრაცია სწრაფად უნდა წავიდეს. ესეც ისეთი საკითხია, რომელიც აქ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თრუსოს განვითარების და ტურისტების მოზიდვის საკითხი. გზას რაც შეეხება, გზა დიდი რესურსია ამ ხევისთვის. ეს ფაქტობრივად ეკონომიკური არტერიაა არამარტო საქართველოსთვის, სომხეთისა და მთლიანად რეგიონისთვისაც და გამშვებ პუნქტსაც სერიოზული მოდერნიზაცია სჭირდება, რომ გამავლობა გაიზარდოს. ეს ყველაფერი რომ შეიკვრება, შედეგებს იგრძნობს ხევი და მოქალაქეები და არ უნდა ამას ბევრი დრო. ეს არის მთავარი, რაზეც იქნება ადგილობრივი კონცენტრაცია“, – ამბობს გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მოსახლეობასთან ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
„ეს არჩევნები ერთი მხრივ კი მუნიციპალური არჩევნებია, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა უფრო დიდი არჩევნებია. ამიტომ, თან ადგილობრივ პრობლემატიკას უნდა მივხედოთ, მაგრამ ქვეყანაზეც უნდა ვიფიქროთ. ქვეყანა საშველია“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.