არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება დღეს საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი წლის ბოლომდე ამ საწარმოში 4 000 რუსთაველი იმუშავებს.
„ეს საწარმო შენდებოდა ოთხი თვის განმავლობაში. ივლისში, როდესაც ჩვენ აქ ვიყავით, მსოფლიოში გლობალური პანდემია პიკში იყო და მაშინ ჩვენ ერთად, ინვესტორთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსა და „აწარმოე საქართველოს“ საშუალებით გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი უნდა დაგვესრულებინა ზუსტად ოთხ თვეში და რუსთაველებს აქ მუშაობა უნდა დაეწყოთ ოთხ თვეში, წლის ბოლომდე, რასაც დღეს ვაკეთებთ. მე, რა თქმა უნდა, უპირველესად, მინდა მივულოცო ადამიანებს, ვინც ამ საწარმოში იმუშავებს. მინდა მივულოცო ინვესტორს და „აწარმოე საქართველოს“ გუნდს, რომ ეს პროექტი ასეთ მძიმე პირობებში განხორციელდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი მიდგომები ბიზნესთან, ინვესტორთან, უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი, სხვანაირი, რადგან დღეს ქვეყნისთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის უაღრესად დიდი ღირებულების მატარებელი და არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა. ამიტომ, მე მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, „აწარმოე საქართველოს“ გუნდს, რომ ეს პროექტი შედგა. „ქართლი ტექსტილი“ არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც „აჭარა ტექსტილის“ ინვესტორები ახორციელებენ საქართველოში. ეს არის უკვე მეოთხე საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლის ბოლომდე ამ საწარმოში 4 000 რუსთაველი იმუშავებს. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად, ასეთ ინვესტორებს, ასეთი საწარმოების შექმნას, ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, ჯერ გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება.
„ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ჩვენ შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ წამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და ამჟამად, დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველას უნდა გვესმოდეს პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად ძალიან ელემენტარული და მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ. რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ეპიდემიოლოგების ელემენტარულ წესებს, მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.
ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა მოვუწოდო – უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში, ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი.
ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ – როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა, და თითოეული ჩვენგანის ყველაზე მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს – როგორც ეპიდემიას, პანდემიას, ასევე ეკონომიკურს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
„ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად დაათვალიერა.
საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 000 ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90 პროცენტი ქალია.
კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.
კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების განმავლობაში თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორებიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100 პროცენტით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.