გიორგი გახარია - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე, ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე, ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო.
„მართალია, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა და საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა ფაქტია, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან სურათი დამძიმდა. ბოლო ორ თვეში რვა ქალი საკუთარმა ოჯახის წევრმა მოკლა.
თავის დროზე ერთიანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი გამოიღო, ამიტომ ყველა საჯარო უწყება, სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც უნდა გავერთიანდეთ.
პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ასევე, მოგიწოდებთ ჩემი კაბინეტის ყველა წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებსა და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ.
ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.
ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.