გიორგი გახარია - პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ვეცადოთ, ამ ინიციატივას დავეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობებით
საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ვეცადოთ, ამ ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე.
„პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველა უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება იმით განსაზღვრული, რომ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამას“, – აღნიშნა გახარიამ.
კითხვაზე, როგორ იქნება მიღწეული ეროვნული შეთანხმება, გახარიამ აღნიშნა, რომ „კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას“.
„ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა და კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომლებზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, შეთანხმება. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა, ახალი წლის წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.